logo
ENG



"2021 წელი განსაკუთრებით მძიმე წელი იყო არაერთი მიმართულებით", - საია-ს ანგარიში

10 დეკ 202113:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/10/zvhm3dr8qc4kah4.png

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2021 წელი განსაკუთრებით მძიმე წელი იყო არაერთი მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, "პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კი წინა წლის მსგავსად არ აღმოჩნდა საკმარისი". 

"პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არიან სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, როგორც მძიმე შრომითი პირობების, ასევე დაბალი შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით. 2021 წელს დაფიქსირდა არაერთი გაფიცვა თუ სოციალური საპროტესტო აქცია, სადაც დასაქმებულები ითხოვდნენ ღირსეულ ანაზღაურებასა და საბაზისო შრომით უფლებებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც 2020, ასევე 2021 წლებში ქვეყანაში შეზღუდული იყო არაერთი ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა. ამან საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი. საბანკო დაწესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედებამდე".

ამავე ანგარიშის თანახმად, ​პანდემიისას განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის სრულფასოვანი განათლების უფლების რეალიზების საკითხი. საია მიიჩნევს, რომ დისტანციურად წარმართული საგანმანათლებლო პროცესი სრულყოფილად ვერ ცვლის საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები. საუბარია ​ლგბტქი თემის წევრებზე და აღნიშნულია, რომ მათთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება.

ანგარიშში მიმოხილულია 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიაზე თავდასხმის ფაქტები და ნათქვამია, რომ გაიზარდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმები ძირითადად გამოუძიებელია.

"ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს "ღირსების მარშის" დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა  კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად,"თბილისი პრაიდი" იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა,

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, საია-ში ამბობენ, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნები ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ვითარების ესკალაციას.

"სასამართლოს სისტემაში კლანური მმართველობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. კლანის ძალაუფლების ძირითად ბერკეტს იუსტიციის საბჭო და სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას".

ანგარიშში განხილულია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კამპანიის პერიოდი ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე წარიმართა, რაცა ქმნიდა ნეგატიურ ფონს და კიდევ უფრო აღრმავებდა არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას.

"საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციის მიმართ ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ხოლო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს შექმნილმა დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ქცევაზე და რიგ შემთხვევებში, ხელი შეუშალა საარჩევნო უფლების თავისუფალ რეალიზებას".

სრული ანგარიში ნახეთ აქ.


close დახურვა